ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრმა დღეს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის (მაგისტრანტებისთვის) ნოტარიუსის სტაჟიორთა კონკურსთან, სტაჟირების პირობებსა და მოთხოვნებთან, აგრეთვე,  სტაჟირების მნიშვნელობასთან დაკავშირებით პრეზენტაცია მოაწყო. მსგავსი შეხვედრები მანამდე ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრანტებთანაც გაიმართა.
პრეზენტაციის ბოლოს სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს. მაგისრანტები, ძირითადად, ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების წინაპირობებით დაინტერესდნენ.
სტაჟირება ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის ერთ-ერთი წინაპირობაა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ  ნოტარიუსის სტაჟიორთა კონკურსი 14 სექტემბერს გამოაცხადა. საბუთები 23 ოქტომბრამდე მიიღება. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ტესტირება ზოგად უნარებში იქნება, მეორე ეტაპზე - პროფესიულ საკითხებში.
სტაჟიორთა მიღებასა და მომზადებას  ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს. სტაჟირება რვათვიანია და მიზნად ისახავს ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად კადრების მომზადებას. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს.