ნოტარიუსებმა პროფესიული დღე საქველმოქმედო აქციით აღნიშნეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსთა პროფესიული დღე, 7 ნოემბერი, ტრადიციისამებრ,  საქველმოქმედო აქციით აღნიშნა. პალატის წარმომადგენლები სოფელ „გალავანში“ მდებარე ბავშვთა საოჯახო ტიპის  სახლს ეწვივნენ და პატარებს მათთვის სანატრელი საჩუქარი - კომპიუტერი გადასცეს.

ამასთან, ნოატრიუსთა პალატამ სათნოების სახლ „კათარზისს“ ერთი დღის სადილის საფასურიც გადაურიცხა.

7 ნოემბერს ნოტარიუსთა პროფესიული დღე საქართველოში 2002 წლიდან აღინიშნება. იგი ქრისტიანულ დღესასწაულს - წმინდა მოწამეების  მარკიანესა და მარტვირის ხსენების დღეს უკავშირდება. ისინი მეოთხე საუკუნეში კონსტანტინეპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ და პატრიარქის, პავლე აღმსარებლის ნოტარიუსების მორჩილებას აღასრულებდნენ. მას შემდეგ რაც ერეტიკოსებმა წმინდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს  და მოკლეს, მისი კათედრა არიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვით, შემდეგ კი მუქარით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, მაგრამ მარკიანე და მარტვირი ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რის გამოც ისინი სიკვდილით დასაჯეს.

წმინდა  მოწამეების  მარკიანესა და მარტვირის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ნოტარიუსთა პალატამ  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პარაკლისიც გადაიხადა.