რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბაჩანა შეგელია დღეს ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა. ბაჩაბა შენგელიამ მათ სანოტარო საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

ნოტარიუსთა პალატამ ახლად დანიშნულ ნოტარიუსთა სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში ჩართვა უზრუნველყო. 2009 წლიდან ნოტარიუსებს წვდომა აქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მომსახურების სააგენტოსა და „საქართველოს საკნონმდებლო მაცნეს“ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებზე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს სანოტარო მომსახურებას.

რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს კი ნოტარიუსთა პალატამ კომპიუტერული ტექნიკაც გადასცა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციტივით, სანოტარო მომსახურება ხელმოსაწვდომი უნდა იყო საქართველოს ყველა ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობისთვის. შესაბამისად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მაქსიმალურად უწყობს ხელს ნოტარიუსებს, რომელნიც რეგიონებში მუშაობის სურვილს გამოთქვამენ - ეხმარება მათ სანოატრო ბიუროს ტექნიკურად აღჭურვასა და კეთილმოწყობაში.

წლეულს საქართველოს რეგიონებში უკვე 16 ნოტარიუსი დაინიშნა.  თიანეთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, წყალტუბო, მარნეული, ქარელი, მცხეთა, თელავი, ბათუმი, ქობულეთი, სენაკი, ბოლნისი, ლენტეხი, საგარეჯო, ლაგოდეხი - ეს ის რაიონები და ქალაქებია, სადაც საერთოდ არ მოქმედებდა სანოტარო ბიურო, ან ნოტარიუსთა რაოდენობა არასაკმარისი იყო მოსახლეობის სრულფასოვანი მომსახურებისთვის. ნოტარიუსის გარეშე დარჩენილია კიდევ  რამდენიმე რეგიონი. ნოტარიუსთა პალატა აღნიშნულ რეგიონებში დანიშვნის მსურველ ნოტარიუსებსაც შეუწყობს ხელს სანოტარო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში.