მედიატორი ნოტარიუსები გადამზადებას სისტემატურად გაივლიან
მედიატორმა ნოტარიუსებმა, სანოტარო მედიაციაში ცოდნის გაღრმავების მიზნით, პრაქტიკული კურსი კიდევ ერთხელ გაიარეს. სემინარი საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ჩატარდა.
პრაქტიკული სწავლება GIZ -ის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა (გერმანელი მედიატორი ტრენერი, ჰამბურგის ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე იოახიმ მეჰმელი და ჰოლანდიელი მედიატორი ტრენერი, მიდდენ-ნედერლანდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფრანს ვან არემი) ჩაატარეს. ქართველმა ნოტარიუსებმა აღნიშნულ ექსპერტებთან სანოტარო მედიაციაში სემინარები სერვისის ამოქმედებამდეც გაიარეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სანოტარო მედიაცია ამა წლის პირველ ოქტომბერს ამოქმედდა. შესაბამისი მომზადება, ჯერჯერობით, 179-მა ნოტარიუსმა გაიარა და მედიატორი ნოტარიუსის სერტიფიკატიც მიიღო.
სერტიფიცირებული ნოტარიუსებისთვის, ცოდნის გაღრმავების მიზნით, მედიაციაში სემინარები მომავალშიც ჩატარდება. ამასთან, სწავლებას ის ნოტარიუსებიც გავლიან, ვისაც ჯერ სერტიფიკარი არ აქვს. ზემოთ აღნიშნულ სემინარს არასერტიფიცირებული ნოტარიუსებიც ესწრებოდნენ.