სემინარები სანოტარო მომსახურების ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდის მიზნით
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ორგანიზებით, ნოტარიუსთათვის სემინარების კურსი დაიწყო. სწავლება მოიცავს სანოტარო საქმიანობისთვის აქტუალურ თემებს: „იპოთეკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის განზოგადება“, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები“.
სემინარი უკვე ჩაუტარდათ ბათუმსა და ქუთაისში მოქმედ ნოტარიუსებს, ასევე, თბილისში მოქმედ ნოტარიუსთა ნაწილს. სწავლებას საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსი, ეტაპობრივად, გაივლის.
აღნიშნულ საკითხებთან ერთად, ნოტარიუსები სემინარს „ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაშიც“ გაივლიან. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ პრიორიტეტს სანოტარო მომსახურების ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენს. შესაბამისად, „ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში“ სწავლება როგორც ნოტარიუსებისთვის, ასევე, სანოტარო ბიუროს თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი ნოტარიუსთათვის აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე, ასევე, ნოტარიატში დანერგილი სიახლეებისა და რეფორმების შესახებ სემინარებს სისტემატურად ატარებს. აღნიშნულ სემინარებზე დასწრება ყველა ნოტარიუსისთვის სავალდებულოა.