საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ და ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის უფროსმა ინგა ქომეთიანმა ნოტარიუსის სტაჟიორებს დღეს სერტიფიკატები გადასცეს. 
გასული წლის ივლისში გამოცხადებული კონკურსის შედეგად შერჩეულმა 19-მა სტაჟიორმა  სტაჟირება ერთი წლის განმავლობაში სანოტარო ბიუროებში გაიარეს. ნინო ხოფერიამ  მათ სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ნოტარიუსის სტაჟიორებმა, ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად, კანონით განსაზღვრული პირველი ეტაპი უკვე გაიარეს და სერტიფიკატების მიღების შემდეგ უკვე ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება მიეცათ.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველო კანონის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება,  დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
საქართველოს ამჟამად 216 მოქმედი ნოტარიუსია. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, 2010 წლის პირველი აპრილიდან ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა.