ლადო ჭანტურია: „„ნოტარიუსი - ეს იმდენად საჭირო პროფესიაა, რომ არ არსებობდეს, გამოვიგონებდით“

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის პროფესორმა ლადო ჭანტურიამ ნოტარიუსებისთვის ლექცია წაიკითხა. სემინარის თემა იყო: „კრედიტით უზრუნველყოფის სამართლის საკითხები“.

ლექციის დასაწყისში ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ ლადო ჭანტურიას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.  „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დრო გამონახეთ და ნოტარიუსთა პალატაში მობრძანდით,“ - აღნიშნა მან.

„ნოტარიუსი - ეს იმდენად საჭირო პროფესიაა, რომ არ არსებობდეს, გამოვიგონებდით. საქართველოში, სადაც საბაზრო ეკონომიკის  დიდი ტრადიცია არ გვაქვს, მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის, მათთვის სამართლებრივი ინფორმაციის მიწოდების ფუქცია, ძირითადად,  ნოტარიუს აკისრია. ამ პროფესიას ჩვენში ნდობა და მხარდაჭერა არ დაუკარგავს, “ - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.

ლექციაზე განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების უპირატესობაზე. 2007 წლამდე გარიგებები მხოლოდ სანოტარო წესით მოწმდებოდა. 2007 წლიდან აღნიშნული ვალდებულება გაქმდა. მოქალაქეთა უსაფთხოების დაცვის მიზნით, დღეს იუსტიციის სამინისტროში იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების  ვალდებულების  აღდგენაზე საუბრობენ.

„სამწუხაროდ, არსებობს მიმართულება, რომელიც ინგლისურ-ამერიკული სამართლის ტრადიციებიდან მოდის, თითქოს ნოტარიუსის მომსახურება აძვირებს გარიგებებთან დაკავშირებულ ხარჯებს. თუმცა, არსებობს სხვა გამოკვლევებიც, რომელიც საპირისპიროს აჩვენებს - ქვეყნებში, სადაც არ არის სანოტარო მომსამხურება, გარიგების, ადვოკატის მომსახურების ხარჯები ბევრად მეტია, ვიდრე სანოტარო სერვისის ღირებულება, რადგან ხშირია გაუთავებელი სასამართლო დავები,“ - აღნიშნა ლადო ჭანტურიამ.

პროფესორმა ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებს გარიგებების გაფორმების ევროპის ქვეყნებში არსებული პრაქტიკაც გააცნო.