ქართველი და ფრანგი ნოტარიუსები საფრანგეთის ელჩს შეხდნენ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და  საფრანგეთის უმაღლესი საბჭოს დელეგეციის წარმომადგენლები დღეს საფრანგეთის ელჩს საქართველოში რენო სალენსს ეწვივნენ. შეხვედრაზე საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებზე, ორი ქვეყნის ნოტარიატებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

საფრანგეთის ელჩთან ვიზიტამდე სტუმრები საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში გამართულ  კონფერენციაში მონაწილეობდნენ. მათ საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ  ქართული ნოტარიატის მიღწევებსა და რეფორმებს, ასევე, სისტემაში არსებულ პრობლემებს,  გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება ქართველი კოლეგებისთვის.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საფრანგეთის ნოტარიატებს შორის  თანამშრომლობა საფრანგეთის უმაღლესი საბჭოს დელეგეციის საქართველოში სტუმრობამდე დაიწყო. ამა წლის 22 აპრილს საქართველოს დელეგაცია საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლეს საბჭოს სტუმრობდა და ქართული ნოტარიატისთვის აქტუალურ საკითხებზე საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნო.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ საფრანგეთის ელჩს სუვენირი გადასცა. რენო სალენსმა, თავის მხრივ,  მზადყოფნას გამოთქვა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და საფრანგეთის ნოტარიატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.