ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელმა საკუთრების უფლების დაცვის საკითხში ნოტარიატის როლზე ისაუბრა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით, ბათუმის იუსტიციის სახლში ქართველ და ფრანგ ადვოკატთა ერთობლივი კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბაჩანა შენგელიაც მონაწილეობდა.

კონფერენციის მთავარი თემები იყო: საპროცესო შეთანხმების პრინციპები,  ადვოკატის სტატუსის მოსაპოვებლად არსებული მოთხოვნები, ადამიანისა და საკუთრების უფლებების დაცვა.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. მან ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე წლის სექტემბერში წარუდგენს. 
„აღნიშნული ცვლილებები გააჯანსაღებს საპროცესო შეთანხმებას და დაუბრუნებს მას სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების იერსახეს,“ - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ადამიანის პიროვნულ და საკუთრების უფლებებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საკუთრების უფლების დაცვის საკითხში ნოტარიატის როლსა და გარიგებების სანოტარო წესით დამოწმების უპირატესობაზე. „ნოტარიუსი,  როგორც მიუკერძოებელი იურიდიულ მრჩეველი, იცავს მხარეებს შეცდომების დაშვებისა და არათანაბარ პირობებში აღმოჩენისაგან, რაც ქმნის უარყოფითი შედეგებისგან თავის აცილების მაქსიმალურ გარანტიას,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
კონფერენცია  საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ჯანდიერმა,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა და საფრანგეთის ადვოკატთა ეროვნული საბჭოს ევროპისა და საერთაშორისო საქმეების კომისიის პრეზიდენტმა  ბერტრან დებოსკმა დახურეს.