ნოტარიუსთა პალატამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი  ხუბუამ დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამასთან,  ნოტარიუსთა პალატის თამჯდომარე და პალატის გამგეობის წევრები უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანსა და სტუდენტებსაც შეხვდნენ.
ურთიერთანამშრომლობის  მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გამოთქვამს მზადყოფნას, სისტემატურად მოაწყოს შეხვედრები და სემინარები უნივერსიტეტის სტუდენტებთან; პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას და თეორიულ სწავლებასთან ერთად, ნოტარიუსთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც შეითვისებენ.
როგორც  ნინო ხოფერიამ აღნიშნა, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები სტუდენტებს ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში დაეხმარება, რაც  სამომავლოდ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე მემორანდუმის მონაწილე ორივე მხარე  შეთანხმდა, რომ საფუძველი ჩაუყარონ ნოტარიული სამართლის ინსტიტუტს. ამასთან, შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც შეიმუშავებს  „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის კომენტარებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის კომენტარები  შესანიშნავი სახელმძღვანელო იქნება პრაქტიკოსი იურისტებისთვის.