საქართველოს ნოტარიუსთა პალატის განცხადება
ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განმარტავს:
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის თანახმად, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პირთა მინდობილობა/რწმუნებულებებს ამოწმებს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი. აღნიშნული დოკუმენტი გათანაბრებულია სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტთან, შესაბამისად, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების არანაირი აუცილებლობა და არც პრაქტიკა არ არსებობს. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მსგავს ფაქტს არც განვლილ წლებში ჰქონია ადგილი.
რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს ბიზნესმენებისთვის ზეწოლის შედეგად ქონების წართმევის პროცესში ნოტარიუსებიც იყვნენ ჩართულნი, განვმარტავთ, რომ არც ერთ მსგავს ფაქტზე ნოტარიუსის მიმართ სისხლისსამართლებრივი წარმოება არ მიმდინარეობს. უფრო მეტიც, გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული ნოტარიუსის მხრიდან სამოქალაქო წესით აღძრულია სარჩელი დასახელებული ბიზნესმენების მხრიდან პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის საფუძვლით და მიმდინარეობს სასამართლო საქმის წარმოება.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უფლებამოსილია, განაცხადოს, რომ წლების მანძილზე საქართველოს ნოტარიატში განხორციელებულმა რეფორმებმა ნოტარიუსის პროფესია აქცია მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებულ სამსახურად და ფიზიკური და იურიდიულ პირთა სამოქალაქო უსაფრთხოების გარანტად. ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების ფარგლებში გავრცელებული ინფორმაცია ყოველთვის არ შეესაბამება რეალობას და დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთ განცხადებებში მოყვანილი გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირება. მსგავსი უსაფუძვლო და გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელება არყევს ნდობას ზოგადად ნოტარიატის ინსტიტუტის მიმართ და ხელს უშლის იმ საჯარო ფუნქციების ეფექტურ განხორციელებას, რასაც ნოტარიატი ემსახურება.