ონლაინ სანოტარო სერვისებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება
2013 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 14 877 სანოტარო აქტი (მინდობილობა/რწმუნებულება, თანხმობა) ონლაინ რეჟიმში დამოწმდა. ონლაინ სანოტარო სერვისის დანერგვამ მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივა სანოტარო მომსახურების მიღება. შესაბამისად, ონლაინში შესრულებული სანოტარო მოქმედებების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს, ამავე პერიოდში, 12 147 სანოტარო აქტია ონლაინში დამოწმებული.
სანოტარო მოქმედებები ონლაინში მხოლოდ საქართველოში სრულდება. აღნიშნული სერვისი 2009 წლიდან დაინერგა. მინდობილობა/რწმუნებულებისა და თანხმობის გარდა, ონლაინში გარიგებებიც (ნასყიდობის, გირავნობის იპოთეკის ხელშეკრულებები...) მოწმდება, ოღონდ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. მაგალითად, თუკი ხელშეკრულების მხარეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ან რაიონში იმყოფებიან და ერთ ნოტარიუსთან მისვლა არ შეუძლიათ, მათ საშუალება აქვთ მიმართონ სხვადასხვა ნოტარიუსს მათთვის ხელსაყრელ ტერიტორიაზე. ნოტარიუსები ხელშეკრულების მონაწილე მხარეების თანდასწრებით დაუკავშირდებიან ერთმანეთს ონლაინ რეჟიმში. შედგება ორი ან რამდენიმე სანოტარო აქტი (რამდენი ნოტარიუსიც მონაწილეობს დამოწმების პროცესში) და თითოეულ დოკუმენტზე ხელს მოაწერს ის პირი, რომელიც ნოტარიუსთან იმყოფება.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ზრუნავს სანოტარო მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის გაზრდასა და გამარტივებაზე. აღნიშნული სანოტარო სერვისის გარდა, ონლაინ რეჟიმში სამართლებრივი კონსულტაციის მიღება და ნოტარიუსთან ვიზიტიც დაჯავშნათ არის შესაძლებელი.