დღეს ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟირების კონკურსი ჩატარდა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დღეს ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟირების კონკურსი ჩატარდა. გამარჯვებული კონკურსანტები სტაჟირებას ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში გაივლიან. სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსებს.
სტაჟირების გავლა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.
ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაივლის რვათვიან სტაჟირებას ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში (ან აქვს საჯარო სამსახურში იურისტად მუშაობის 5 წლის სტაჟი) და ჩააბარებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდას.
საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად 239 ნოტარიუსია. იუსტიციის სამინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, 59 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შანსი.
დანიშვნისას აქცენტი გაკეთდება იმ კონკურსანტებზე, ვინც სანოტარო საქმიანობის დაწყებას რეგიონში გადაწყვეტს. ამჟამად 8 რეგიონია (ვანი, ონი, ასპინძა, ცაგერი, ლანჩხუთი, მესტია, ლენტეხი და ადიგენი) დარჩენილი ნოტარიუსის გარეშე.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა ლალი გზირიშვილმა აღნიშნა, რეგიონებში დანიშნული ნოტარიუსები გარკვეული შეღავათებითაც ისარგებლებენ. ნოტარიუსთა პალატა მათ სანოტარო ბიუროების შერჩევაში, ტექნიკურად აღჭურვასა და სანოტარო საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარება.