ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები რეგიონის მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები  ვანის მოსახლეობას შეხვდნენ და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის, სტაჟირების კონკურსებისა და სანოტარო სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ვანში სამი წელია, ნოტარიუსი არ ჰყავთ და სანოტარო მომსახურების მისაღებად ვანელებს ქუთაისში უწევთ ჩასვლა, რაც ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ვანის გარდა, კიდევ რვა რეგიონია (ონი, ასპინძა, ცაგერი, ლანჩხუთი, მესტია, ქედა, ლენტეხი და ადიგენი) დარჩენილი სანოტარო მომსახურების გარეშე. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის პრიორიტეტს  საქართველოს ყველა  რეგიონის მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. აღნიშნულ მიზანს ემსახურება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სტაჟირების დანიშვნაც.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 18 მაისს დაინიშნა, ხოლო 29 მაისს ნოტარიუსობის მსურველთა სტაჟირების კონკურსი ჩატარდება. გამოცდა იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი ჩაატარებს, სტაჟირების კონკურსს - ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი.

ნოტარიუსების დანიშვნისას აქცენტი გაკეთდება ისეთ რეგიონებზე, სადაც სანოტარო ბიურო არ მოქმედებს. წელს დანიშნული 5 ნოტარიუსიდან 4 რეგიონებში (თიანეთი, თერჯოლა, წყალტუბო, მარნეული) დაინიშნა. პირადად იუსტიციის მინისტრის მხარდაჭერითა და ნოტარიუსთა პალატის დახმარებით სარგებლობენ ის კანდიდატები, ვინც სანოტარო საქმიანობის დაწყებას აღნინშულ რეგიონებში  გადაწყვეტს. დაწესდება გარკვეული შეღავათები, რათა რეგიონებში ნოტარიუსებს მუშაობის მოტივაცია გაუჩნდეთ. ნოტარიუსთა პალატა მათ დაეხმარება სანოტარო ბიუროს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვასა და სანოტარო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში.

ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები თიანეთის მოსახლეობასაც შეხვდნენ და ახლად დანიშნული ნოტარიუსი ელენა გელაძე წარუდგინეს. ნოტარიუსი თიანეთში მცხოვრებლებს უკვე მომავალი კვირიდან მოემსახურება, რაზეც  ადგილობრივმა მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა.

საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად 237 ნოტარიუსია. იუსტიციის სამინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, 63 იურიდიული განალების მქონე პირს აქვს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შანსი.

ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაივლის რვათვიან სტაჟირებას ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში (ან აქვს საჯარო სამსახურში იურისტად მუშაობის 5 წლის სტაჟი) და ჩააბარებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდას.