ქართველი ნოტარიუსები სანოტარო მედიაციაში პოლონეთის გამოცდილებას გაეცნენ
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენციის თემა იყო მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოებისა და მედიაციის ცენტრების საქმიანობა ევროპის ქვეყნებში.
ქართველი ნოტარიუსებისთვის განსაკუთრებით აქტულაურია სანოტარო მედიაციის თემა.
სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, ევროპის ქვეყნებში აპრობირებული ფორმაა. აღნიშნული სერვისი მალე საქართველოშიც ამოქმედდება. „ნოტარიატის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ნოტარიუსს მედიატორის ფუნქციაც დაემატა. ნოტარიუსი სამემკვიდრეო, სამეზობლო და საოჯახო დავების შემთხვევაში მოდავე მხარეთა პრობლემებს სასამართლოს ჩარევის გარეშე მოაგვარებს. დაზარალებულ მოქალაქეს აღარ მოუწევს სასამართლოში წასვლა, გადაიხდის ნაკლებს და ამასთან, სანოტარო წესით დამოწმებულ მორიგების აქტსაც მიიღებს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია პოლონეთის სანოტარო ცენტრებსაც ეწვია და ადგილზე გაეცნო ნოტარიუსი-მედიატორების საქმიანობას. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსი-მედიატორების მოსამზადებლად ტრენინგები საქართველოშიც ჩაატარა. მოწვეულნი იყვნენ როგორც გერმანელი, ასევე, ქართველი ექსპერტები.