კონფერენცია თემაზე „საქორწინო ხელშეკრულება“
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში გაიმართა კონფერენცია სტუდენტებისათვის თემაზე: „საქორწინო ხელშეკრულება“.
კონფერენცია ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. მომხსენებლები იყვნენ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი ნარგიზა ჯანხოთელი და თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. კონფერენციას საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ესწრებოდნენ.
კონფერენცია 22 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დაიწყო და დღეს ნოტარიუსთა პალატაში დასრულდება.
აღნიშნული პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის საქორწინო ხელშეკრულების არსის, მისი სამართლებრივი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, საუბარი იქნება საქორწინო ხელშეკრულების, როგორც კონფლიქტის პრევენციის საშუალების, აქტუალობასა და ტრადიციებზე როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე, საქართველოში.
საქორწინო ხელშეკრულება მარტივი და ცივილიზებული ფორმაა ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში მეუღლეთა შორის ქონებაზე დავის მოსაგვარებლად.
საქორწინო ხელშეკრულება ფორმდება სანოტარო წესით და განსაზღვრავს მეუღლეებს შორის ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს ქორწინების განმავლობაში და განქორწინებისას.
აღსანიშნავია, რომ საქორწინო ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისას თითოეული მეუღლის უფლება და სურვილი თანაბრად არის გათვალისწინებული და გამორიცხულია ისეთი პირობების ჩადება, რაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ერთ-ერთ მეუღლეს.
საქართველოში საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების ფაქტები არცთუ ხშირია, თუმცა, ხელშეკრულების დადების მსურველთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2010 წელს სანოტარო წესით 7 საქორწინო ხელშეკრულება დამოწმდა, 2011 წელს - 13, 2012 წელს - 21, წლეულს სამ თვეში - 6 საქორწინო ხელშეკრულება გაფორმდა.