ქართველი ნოტარიუსები საფრანგეთის ნოტარიატის გამოცდილებას გაეცნობიან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია დღეს, ოფიცილური ვიზიტით, საფრანგეთს ეწვია. 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინე წაქაძე, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბაჩანა შენგელია და პალატის გამგეობის წევრი დავით ოყროშიძე პარიზში საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლესი საბჭოსა და  ნოტარიუსთა  პროფესიული სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრებს გამართავენ.

ქართული დელეგაცია საფრანგეთის ნოტარიატის გამოცდილებასა და მიღწევებს გაეცნობა. განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალურია იქ არსებული პრაქტიკა და ფრანგი კოლეგების რეკომენდაციები  გარიგებების სანოტარო წესით დამოწმების სავალდებულოობის უპირატესობასთან დაკავშირებით.

შეხვედრებზე, ასევე, გამახვილდება ყურადღება სანოტარო მედიაცისა და ნოტარიუსთა  პროფესიული გადამზადების აუცილებლობაზე.

ვიზიტი ორდღიანია და 23 აპრილს დასრულდება.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, როგორც ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი, აქტიურად თანამშრომლობს კავშირის წევრ დანარჩენ ქვეყნებთან, მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციებს. საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვად უწყობს ხელს ქართული ნოტარიატის სისტემის ევროპულ მოდელზე მორგებას.