ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნოტარიუსებს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დღეს ნოტარიუსთა პალატის საერთო კრება გაიმართა. ნოტარიუსებმა გასულ წელს ნოტარიატში განხორციელებული საქმიანობა, დანერგილი სიახლეები და რეფორმები შეაფასეს და 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსი გაერთიანებულია ნოტარიუსთა პალატაში, რომლის აღმასრულებელი ორგანოა ნოტარიუსთა პალატის გამგეობა, ხოლო უმაღლესი ორგანო - ნოტარიუსთა პალატის საერთო კრება. წლიური საერთო კრება ყოველი წლის მარტში იმართება.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ კრების მონაწილეებს გასული წლის მარტიდან 2013 წლის მარტამდე საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა ნოტარიატში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რის საფუძველზეც, ნოტარიუსთა ფუნქციური დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შესაბამისად, გამარტივდა და ეფექტური გახდა სანოტარო მომსახურება. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ნოტარიუსებს ქონების უფლების, ქორწინების რეგისტრაციისა და მედიატორის უფლება მიენიჭათ. აღნიშნული ახალი სერვისებიდან ნოტარიუსები ქონების უფლების რეგისტრაციას უკვე ახორციელებენ. გასულ წელს დაინერგა კიდევ ერთი ახალი ონლაინ სერვისიც - ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნა უკვე ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელია, რაც მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სანოტარო მომსახურება უფრო სწრაფად მიიღოს და რიგში აღარ ჩადგეს.
2012 წელს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელი სწავლება დაიწყო; სასწავლო კურსი 25-მა უმაღლესი განათლების მქონე პირმა გაიარა; კურსდამთავრებულთა მონაცემები განთავსდა ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე მდებარე ელექტრონულ ბაზაში, საიდანაც ნოტარიუსები თანაშემწეეებს არჩევენ.
აღსანიშნავია საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით განხორციელებული ღონისძიებებიც. 2012 წლის 16-17 ნოემბერს, ნოტარიუსთა პალატისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, საქართველოში ჩატარდა ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ნოტარიატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს ნოატრიუსთა პალატის დელეგაცია აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაშიც მოანწილეობდა და ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჰოლანდიასა და ბელგიაში. 2007 წლიდან, რაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა, აქტიურად თანამშრომლობს კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიატებთან და სისტემატურად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ნატარიატის განვითარებას.