2012 წელს ნოტარიატში განხორციელებული რეფორმები
გასულ წელს ნოტარიატში განხორციელებული რეფორმებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საკანონმდებლო ცვლილებები, რის საფუძველზეც გაიზარდა ნოტარიუსთა ფუნქციური დატვირთა. ნოტარიუსს უფლება აქვს: დაარეგისტრიროს ქონების უფლება; ქორწინება/განქორწინება; შეასრულოს მედიატორის ფუნქცია;
გასცეს სააღსრულებო ფურცელი ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე;
ამასთან, მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა სანოტარო მომსახურებაში და გაიზარდა ნოტარიუსთა რაოდენობა.
აღნიშნული რეფორმების განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდა სანოტარო მომსახურების ხარისხი და ეფექტურობა, გაიზარდა სანოტარო ბიუროებში დასაქმებულთა რაოდენობა.
ქონების უფლების რეგისტრაცია სანოტარო ბიუროში
ქონების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და იუსტიციის სახლების პარალელურად, უკვე სანოტარო ბიუროშიც არის შესაძლებელი. ნოტარიუსთან გარიგების გაფორმებისას, მოქალაქეს აღარ უწევს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და იუსტიციის სახლებში წასლა, ნოტარიუსი არეგისტრირებს ქონების უფლებას და გასცემს ამონაწერს.
ამასთან, ნოტარიუსთან ქონების უფლების დაჩქარებული წესით დარეგისტრირებისას საფასური არ იზრდება - რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.
ქორწინების რეგისტრაცია ნოტარიუსთან
ნოტარიუსს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლების პარალელურად, ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციის უფლებაც მიენიჭა, რაც წყვილებს არჩევანის მეტ საშუალებას აძლევს.
ნოტარიუსთან შესაძლებელია: ქორწინების რეგისტრაცია (როგორც სანოტარო ბიუროში საქორწინო რიტუალის ფონზე, ასევე, სანოტარო ბიუროს გარეთ), საქორწინო მოწმობის მიღება და საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება.
საქორწინო ხელშეკრულებით განისაზღვრება მეუღლეთა შორის ქონებრივი უფლებები სასამართლო დავის გარეშე. 2010 წელს ნოტარიუსთან საქორწინო ხელშეკრულება 7-მა წყვილმა გააფორმა, 2011 წელს - 13-მა, გასულ წელს - 21-მა წყვილმა.
ნოტარიუსთან ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაცია ევროპის ქვეყნებში (ბელგია, საფრანგეთი...) დანერგილი პრაქტიკაა.
საერთო ბიურო
2012 წლის პირველი ივნისიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საფუძველზეც, ნოტარიუსს უფლება აქვს შექმნას საერთო ბიურო, სადაც ნოტარიუსთან ერთად განთავსდებიან ადვოკატი, კერძო აღმასრულებელი, თარჯიმანი და მოქალაქე ერთ სივრცეში მიიღებს როგორც სანოტარო, ასევე არასანაოტარო მომსახურებას.
სანოტარო მედიაცია - დავის მოგვარების მარტივი გზა
2012 წლის სექტემბრიდან ნოტარიუსს ენიჭება მედიატორის (მომრიგებლის) ფუნქცია სამემკვიდრეო, სამეზობლო და საოჯახო დავების შემთხვევაში.
მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული, პრობლემის მოგვარების გამარტივებული ფორმაა.
დაზარალებულ მხარეს აღარ უწევს სასამართლოში წასვლა, იხდის ნაკლებს, ამასთან მორიგების აქტი მოწმდება სანოტარო წესით და ნოტარიუსი, საჭიროების შემთხვევაში, გასცემს სააღსრულებო ფურცელს.
საქართველოში მედიატორი-ნოტარიუსების მომზადება საქართველო ნოტარიუსთა პალატისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით განხორციელდა.
სააღსრულებო ფურცლის გაცემის არეალი გაფართოვდა
ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი - გარიგების დაზარალებული მხარისთვის დავის მოგვარების გამარტივებული გზაა.
ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს უკვე, არა მხოლოდ იპოთეკა-გირავნობის, არამედ, იჯარის, სესხისა და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე.
ანუ ნოტარიუსთან ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისას, თუკი მხარეები ხელშეკრულებაში თავიდანვე ჩადებენ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობას, შემდგომში დავის წარმოშობის შემთხვევაში, დაზარალებულ მხარეს აღარ უწევს სასამართლოსთვის მიმართვა, სააღსრულებო ფურცელს გამარტივებული ფორმით, პირდაპირ ნოტარიუსისგან იღებს.
ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში - უსაფრთხო გარიგების გარანტი
2012 წლიდან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში გათავისუფლდება ყადაღისა და საინკასო დავალებისგან. შესაბამისად, ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში ფულისა და ფასიანი ქაღალდების საიმედოდ შენახვის გარანტია.
მაგალითად, ნოტარიუსთან გარიგების (მაგალითად ნასყიდობის ხელშეკრულების) გაფორმებისას, ქონების უფლების დარეგისტრირებამდე, თანხა ინახება ნოტარიუსის ანგარიშზე და გარიგების ორივე მხარე უსაფრთხოდ გრძნობს თავს.
ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნა ონლაინში
2012 წლის მარტიდან ნოტარიუსთა პალატა მოქალაქეებს კიდევ ერთ ონლაინ სერვისს სთავაზობს. ნოტარიუსთან ვიზიტის დაგეგემვა უკვე ინტერნეტის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ნოტარიუსთა პალატისა და იუსტიციის სახლის ვებგვერდზე განთავსებული ბანერის მეშვეობით, მოქალაქეს შეუძლია, სპეციალური პროგრამის დახმარებით შეარჩიოს ნოტარიუსი და ონლაინ რეჟიმში შეუთანხმდეს ვიზიტზე მისთვის სასურველ დროს. აღნიშნული სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაზოგოს დრო, მას მას აღარ უწევს სანოტარო ბიუროში რიგში დგომა.
ვიზიტის დაჯავშნის თაობაზე მოქალაქე შეტყობინებას იღებს ელექტრონულ ფოსტაზე.
პროგრამა გამორიცხავს ერთი და იგივე დროს ერთზე მეტი ვიზიტის დაგეგმვის რისკს.
ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისი თბილისის იუსტიციის სახლში
2012 წლიდან მოქალაქეები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურებას იუსტიციის სახლებსა და სანოტარო ბიუროებში იღებენ.
2011 წლამდე აღნიშნული დოკუმენტაციის დამოწმებული ასლების მიღება მოქალაქეებს მხოლოდ ნოტარიუსთა პალატის არქივში შეეძლოთ.
დოკუმენტების ელექტრონული ბაზის შექმნამ მოხსნა ტერიტორიული შეზღუდვა და გაამარტივა მოქალაქეთა მომსახურება.
ნოტარიუსთა პალატის არქივში უფლებამოსილებაშეჩებული ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები სანოტარო დოკუმენტაცია ინახება.
აღნიშნული დოკუმენტების დამოწმებული ასლები მოქალაქეებს ესაჭიროებათ: ნოტარიუსთან, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში წარსადგენად.
სასწავლო ცენტრი
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი 2010 წლიდან ახორციელებს: ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთა მომზადებას, ნოტარიუსთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ამაღლებაზე ზრუნვას.
2012 წელს სასწავლო ცენტრში სტაჟირება 20-მა იურიდიული განათლების მქონე პირმა გაიარა.
სტაჟირება ერთ-ერთი პირობა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.
იგი რვათვიანია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.
თეორიული კურსი სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას გულისხმობს, ხოლო პრაქტიკულ სწავლებას სანოტარო ბიუროებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მომსახურების სააგენტოში გადიან.
გასულ წელს ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა
კონფერენცია: „ელექტრონული მმართველობა ნოტარიატში და ახალი სანოტარო სერვისების პრაქტიკაში დანერგვა“;
სემინარები: “მედიაცია ნოტარიუსებისთვის“;„საგადასახადო კოდექსის ნორმების განზოგადება ნოტარიატში“;„სამეწარმეო სამართლის საკითხები“;„მასმედიასთან ურთიერთობის ნიუნსებისა და ქცევის დაუფლება“.
დასაქმება სანოტარო ბიუროებში
2012 წლის მარტიდან სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელი სწავლება დაიწყო; სასწავლო კურსი 5-მა უმაღლესი განათლების მქონე პირმა გაიარა;
კურსდამთავრებულთა მონაცემები ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე მდებარე ელექტრონულ ბაზაში განთავსდა. მათგან 11 სანოტარო ბიუროში დასაქმდა.
თანამშრომლობა უმაღლეს სასწავლებლებთან
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა რვა უმაღლეს სასწავლებელთან; თანამშრომლობა მიზნად ისახავს
სტუდენტებისთვის ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში დახმარებას, ლექცია-სემინარების ჩატარებას, ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკულ სწავლებას.
მემორანდუმის საფუძველზე სანოტარო ბიუროებში სამთვიანი სასწავლო პრაქტიკა გაიარეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამ სტუდენტს დაენიშნა სტიპენდია;
10-მდე სტუნდეტი დასაქმდა სანოტარო ბიუროში;
ოთხი სტუდენტი საზაფხულო არდადეგებზე მუშაობდა ნოტარიუსთა პალატაში.
საერთაშორისო ურთიერთობა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2007 წლიდან ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია;
აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში;
თანამშრომლობს აღნიშნული კავშირის წევრ ქვეყნებთან;
სისტემატურად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და თვითონაც მასპინძლობს უცხოელ კოლეგებს;
ჩართულია ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, რომელიც ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას ისახავს მიზნად.
საქართველოში
2012 წლის 16-17 ნოემბერს საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. მონაწილეობდნენ: გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ნოტარიატის წარმომადგენლები.
კონფერენციის თემა იყო: „აქტუალური ტენდენციები აღმოსავლეთ ევროპისა და გერმანიის ნოტარიატში“
გასულ წელს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია აზერბაიჯანში, ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაშიც მონაწილეობდა; ასევე, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჰოლანდიასა და ბელგიაში.
სტატისტიკა
2012 წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსების მიერ 1 214 926 სანოტარო მოქმედება შესრულდა:
201 0 წელს - 1 243 924 სანოტარო მოქმედება;
2011 წელს - 1 549 283 სანოტარო მოქმედება;
2012 წელს - 1 362 280 სანოტარო მოქმედება.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ონლაინ რეჟიმში შესრულებული სანოტარო მოქმედებების რაოდენობა.
2010 წელს - 7 391 სანოტარო მოქმედება შესრულდა;
2011 წელს - 25 628 სანოტარო მოქმედება;
2012 წელს - 32 671 სანოტარო მოქმედება;
ინტერნეტის მეშვეობით სანოტარო მოქმედების შესრულება 2009 წლიდან დაიწყო. ნოტარიუსთან ონლაინ რეჟიმში შეიძლება დამოწმდეს:
განცხადება;
ნებისმიერი სახის თანხმობა;
მინდობილობა-რწმუნებულება;
გარიგება - ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.