საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გერმანიის ნოტარისთა პალატების გამოცდილება გაიზიარა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია ოთხდღიანი ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს საქართველოსა და გერმანიის ნოტარიუსთა პალატებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლობა ჰამბურგისა და ბერლინის ნოტარიუსთა პალატებს, გერმანელ ნოტარიუსთა კავშირებსა და სანოტარო ბიუროებს ეწვია. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის ბაჩანა შენგელიას განცხადებით, საქართველო 2007 წლიდან ლათინური ნოტარიატის კავშირის წევრი ქვეყანაა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აქტიურად თანამშრომლობს კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიუსთა პალატებთან, ესწრება და მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციებს. „გერმანიაში ვიზიტის მიზანიც ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და, შესაბამისად, ქართული ნოტარიატის სისტემაში სიახლეების დანერგვა გახლდათ,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
აღნშნული ვიზიტი საქართველოს ნოატრიუსთა პალატასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, GIZ-ის დაფინანსებით დაიგეგმა. ასევე, მემორანდუმის საფუძველზე, ამა წლის 16,17 ნოემბერს საქართველოში ჩატარდა ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „აქტუალური ტენდენციები აღმოსავლეთ ევროპისა და გერმანიის ნოტარიატში“, სადაც გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ნოტარიატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.