ნოტარიუსთა პალატამ სტუდენტებს ნოტარიატში დანერგილი სიახლეები გააცნო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელობამ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის,  ნოტარიატის სისტემაში გატარებულ რეფორმებსა და ახალ სანოტარო სერვისებთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია ჩაატარა.

ნოტარიუსთა პალატა, უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს. 2010 წელს საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. გასულ წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამი სტუდენტი ნოტარიუსთა პალატისგან წლის განმვალობაში ყოველთვიურ სტიპენდიას იღებდა.

ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა თეა აბრამიძემ  სტუდენტებს ნოტარიატის სისტემაში ბოლო წლებში დანერგილი  სიახლეები გააცნო. ნოტარიატში მნიშვნელოვანი რეფორმები 2009 წლიდან გატარდა, შეიქმნა სანოტარო მოქმედებათა  ელექტრონული რეესტრი, დაინერგა ონლაინ სანოტარო სერვისები - განცხადება, თანხმობა, მინდობილობა/რწმუნებულება ონლაინ რეჟიმში მოწმდება; ონლაინში შესაძლებელია ნოტარიუსთან ვიზიტის დაგეგმვა; წლეულს ნოტარიუსებს ახალი ფუნქიებიც დაემატა. სანოტარო ბიუროში უკვე შესაძლებელია ქონების უფლების, ქორწინება/განქორწინების რეგისტრაცია, ნოტარიუსს მიენიჭა მედიატორის ფუნქციაც.

ლექციაზე ყურადღება გამახვილდა სტუდენტებისთვის აქტუალურ სიახლეებზეც. 2010 წლიდან ნოტარიუსთა პალატაში მოქმედებს სასწავლო ცენტრი, რომლის ორგანიზებით, სტუდენტთა სწავლებისა და დასაქმების კუთხით, რამდენიმე პროექტი ხორცილედება.

სასწავლო ცენტრში ხდება ნოტარიუსობის მსურველთა სტაჟირება;

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები  სისტემატურად გადიან პრაქტიკული სწავლების კურსს სანოტარო ბიუროებში;

 2012 წელს სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელი სწავლება დაიწყო. კურსდამთავრებულთა მონაცემები ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე განთავსდა და ნოტარიუსები თანაშემწეებს აღნიშნული ბაზიდან არჩევენ. სწავლების კურსი მაგისტრანტებმაც გაიარეს და რამდენიმე მათგანი სანოტარო ბიუროშიც დასაქმდა.