საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
დღეს სასტუმრო „Holiday inn”-ში ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის თემა იყო: „აქტუალური ტენდენციები აღმოსავლეთ ევროპისა და გერმანიის ნოტარიატში“. შეხვედრა საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით დაიგეგმა და მასში მონაწილეობდნენ გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ნოტარიატის წარმომადგენლები.
კონფერენციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერიც დაესწრო. „აღსანიშნავი და მისასალმებელია ნოტარიატის სისტემაში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით. ამასთან, მზად ვართ, გავიზიაროთ კონფერენციის მონაწილე ქვეყნების გამოცდილება და დავნერგოთ ჩვენს სისტემაში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კონფერენციის მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნის ნოტარიატის მიღწევებსა და რეფორმებზე ისაუბრეს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ სტუმრებს საქართველოს ნოტარიატში განხორციელებულ რეფორმებსაც გააცნო. ყურადღება გამახვილდება ნოტარიუსთა ახალ ფუნქციებზე, კერძოდ, სანოტარო მედიაციაზე. ნოტარიუსები მალე მედიატორის ფუნქციას საქათველოშიც შეასრულებენ. სანოტარო მედიაცია ევროპის ქვეყნებში აპრობირებული, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა. დაზარალებულ მხარეს აღარ უწევს სასამართლოში წასვლა, იხდის ნაკლებს, ამასთან, მორიგების აქტი მოწმდება სანოტარო წესით.
საქართველოს ნოტარიატის სისტემაში ძირეული რეფორმები 2009 წლიდან დაიწყო - დაინერგა ელექტრონული მმართველობა, მნიშვნელოვნად გამარტივდა და ეფექტური გახდა სანოტარო სერვისები. წლეულს ნოტარიუსებს, მედიატორის გარდა, სხვა ფუნქციებიც დაემატათ. სანოტარო ბიუროებში უკვე შესაძლებელია ქონების უფლების რეგისტრაცია; უახლოეს მომავალში ნოტარიუსები ქორწინების რეგისტრაციასაც განახორციელებენ.
საქართველოს ნოატრიუსთა პალატა 2007 წლიდან ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, თანამშრომლობს კავშირში გაერთიანებულ ქვეყნებთან. ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. შეხვედრა ხვალ დასრულდება. სტუმრები საქართველოს ისტორიულ ქალაქ მცხეთასაც მოინახულებენ.