სემინარი საკონსულოების თანამშრომელთათვის

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უცხო ქვეყნებში საქართველოს საკონსულოების თანამშრომელთათვის სემინარი ჩაატარა. შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შედგა.
სემინარის თემა იყო ერთიან ელეტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო აქტის რეგისტრაციის პროცესი.
ქართული კანონმდებლობის თანახმად,  საქართველოს საკონსულო დაწესებულებების სათანადოდ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს უფლება აქვთ, განსაზღვრული სანოტარო მოქმედებები შეასრულონ. უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები მათ მიმართავენ მინდობილობის, ანდერძის, დოკუმენტის ასლის,  დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობისა და თარგმანის სისწორის დასამოწმებლად,  დოკუმენტების შესანახად და ა.შ.
შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს ერთიან ელექტრონულ სანოტარო რეესტრში საკონსულოს თანამშრომელთა მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებები.
სემინარი ორ ეტაპად ჩატარდა. საკონსულოს თანამშრომელთა ნაწილისთვის შეხვედრა 10 საათიდან დაიწყო, მეორე ნაწილს კი სწავლება 14 საათისთვის ჩაუტარდა.